2 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე - მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, თბილისთან ერთად, მოიგებენ 64-ივე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
მათივე შეფასებით, კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა. პრეზენტაციისთვის ემზადებიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. "ლელოს" და გახარიას გუნდს სავარაუდოდ დედაქალაქში საერთო კანდიდატი ეყოლებათ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კახა კალაძემ განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ იგი კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას.
"ამ პროცესის გვირგვინი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის თბილისი და თბილისის მერობის არჩევნები, რომელშიც ჩვენ საკმაოდ იმედიანად და დამაჯერებლად შევდივართ კახი კალაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ იგი კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა მან განაგრძოს თავისი საქმიანობა თბილისის და თითოეული თბილისელის საკეთილდღეოდ.
მოსახლეობის სურვილი, დაკვეთა, მთავარი ხედვა არ არის რადიკალიზაცია და ქუჩის აქციები, პირიქით, თითოეული მოქალაქის, ყველა ჩვენგანის ინტერესია, რომ საქართველოში პოლიტიკის წარმოება ხდებოდეს ცივილიზებულად - სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში. მინიმუმ ამის გამოც, მათ არანაირი შანსი არ აქვთ და მოსახლეობის დამოკიდებულებაც გასაგებია ამ პოლიტიკური ოპოზიციის ამ ნაწილისადმი", - განაცხადა მახაშვილმა.