ბუნდოვანება და დარღვეული ხაზი კანონის დაცვასა და პოლიტიკურ კორუფციას შორის - ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის ელჩისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფიშერი ხაზარაძისგან უძრავ ქონებას ქირაობს. ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 750 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.
"კურიერი" ირინა ხაზარაძეს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს. ჯერჯერობით უცნობია გერმანიის საელჩოს პოზიციაც, რომელსაც "კურიერმა" კითხვა წერილობით გაუგზავნა.
"ლელოში" პრობლემას ვერ ხედავენ, მმართველ გუნდში კი დიპლომატიური ეთიკისა და ნეიტრალიტეტის დარღვევაზე საუბრობენ.
"თუ რამე დარღვევაა, ვთქვათ, რომ დარღვევაა როგორც ასეთი, და მე არ მგონია, რომ მანდ დარღვევაა... დარღვევა რომ იყოს, ჩათვალეთ, რომ წულუკიანის კომისიას არ აკმარებდნენ არც ხაზარაძეს და არც სხვას და ამ თემასაც წამოწევდნენ. მე მგონია, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და მითუმეტეს არანაირი სამართლიანი დარღვევა მანდ არ არის და თუ არის - ვუსმენთ, რაში მდგომარეობს... თქვან, რაში მდგომარეობს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პიარკამპანიის ნაწილი და არა საშემოსავლო და ა.შ.“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე.
"კურიერის" ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს, უცნობია.
ავტორი: ნანა გოგატაძე