29 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
საქართველოს სულიერი, კულტურული და ისტორიული ცენტრი - მართლმადიდებლური ეკლესია "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

სვეტიცხოვლის პირისპირ ალბათ ყველას დიდოსტატის მარჯვენა გვახსენდება, რომანის ეპიზოდები გვიცოცხლდება... ვფიქრობთ ისტორიულ სინამდვილესა და მხატვრულ აღქმას შორის საერთოზე - ერთადერთ საერთოზე - იმ ადამიანის ვინაობაზე, რომელიც ქვის მეშვეობით საკუთარ უკვდავებას ეძებდა.

ცვალებად სამყაროში რწმენის სტაბილურობის კუნძულად სვეტი ცხოველი, ანუ სვეტიცხოველი იქცა, იქცა იმ არქივადაც, რომლის მასალები დღემდე ბუნდოვანია.

ისტორიაში ჩაკარგული უძველესი ქმნილების ხელახლა აღმოჩენას ტაძრის გულიდან ვიწყებთ.

უხილავი სასწაულის გარდა, საუკუნეების განმავლობაში, მომლოცველები ხილულის მომსწრენიც იყვნენ.

მას შემდეგ, რაც შაჰ აბასმა ტაძარი ცხოველების სადგომად აქცია, მირონის გადმოსვლა შეწყდა - შეუჩერებელი ლოცვის მიუხედავად, სასწაული გაქრა, მაგრამ არა უკვალოდ. კედლებზე შემორჩენილი მირონი საბოლოოდ მე-19 საუკუნეში დაიფარა, დამპყრობელმა რუსეთის იმპერიამ კედლები თეთრად გადაღება და ფრესკების დიდი ნაწილი განადგურდა.

საღებავის მოშორების შემდეგ, აღმოჩნდა ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც მხოლოდ აქ, სვეტიცხოველშია.

თუ კარგად დააკვირდებით, სვეტებს შორის არსებობს ღია სივრცეები, რომლებიც ძველად ხატებით იფარებოდა. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას არსებობდა საფარავი სათავსო, ანუ საიდუმლო ოთახი, სადაც მტრის შემოსევების დროს ინახავდნენ ტაძრისთვის ძვირფას ნივთებს. სამალავი უკავშირდებოდა საიდუმლო გვირაბსაც. ამ ადგილს მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია.

არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ამჟამინდელი ტაძრის შიგნით მართლაც ინახება ადრექრისტიანული ტაძრის საძირკველი. კედლის ერთ მხარეს შემორჩენილია სამი ეპოქის სამი შრე.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ აქ დაასაფლავეს ვახტანგ გორგასალი, ერეკლე მეფე და მისი შვილი. აქ იმკვიდრებს სამუდამო განსასვენებელს ბაგრატიონთა სამეფო ხაზი. ბოლო საფლავი 2025 წლით თარიღდება.

სვეტიცხოველი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია. პერიოდული აუცილებელი რესტავრაციის კვალდაკვალ, საიდუმლო აღმოჩენებიც გრძელდება. 2017 წელს მეცნიერებმა ახალი შედეგი გამოაქვეყნეს - სვეტიცხოველი ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში უნიკალური იმ პერიოდისთვის ნოვატორული ტექნოლოგიით აიგო.

დაკარგული, უცნობი საფლავები, ვერაღდგენილი ფრესკები, ბევრჯერ ნანახი, მოსმენილი დაუსრულებელი ისტორია, რომლის სიღრმეში კიდევ ბევრია მოსაძებნი... მეცნიერების, მწერლების ერთნაირად საყვარელი ობიექტის შესწავლა პერიოდულად გრძელდება, იმედით, რომ მთავარი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ არის.

დღის ამბები