29 აგვისტო 2026,   16:57
ვრცლად
"აშშ-სთვის არცერთი მიზანი არ არის მიუღწეველი და არცერთი გამოწვევა მეტისმეტად რთული. ქვეყანაში 19.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის. მსგავსი მასშტაბი არასდროს გვინახავს. ამიტომ ვუწოდებ ამ პერიოდს "ოქროს ხანას" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ეროვნული სამხედრო სასწავლებლის - აშშ-ის კოსმოსური აკადემიის დაფუძნების შესახებ გამოაცხადა.

ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი და ისტორიული მისიის, Artemis II-ის მონაწილეები დააჯილდოვა.  

კონგრესის კოსმოსური ღირსების მედალი გადაეცათ Artemis II-ის წევრებს: მეთაურ რიდ უაისმენს, პილოტ ვიქტორ გლოვერსა და მისიის სპეციალისტებს - კრისტინა კოხსა და ჯერემი ჰანსენს.

''ამერიკისთვის არცერთი მიზანი არ არის მიუღწეველი, არცერთი გზა ზედმეტად შორი და არცერთი გამოწვევა მეტისმეტად რთული. ამ ქვეყანაში ჩვენს შესაძლებლობებს მხოლოდ ჩვენი ამბიციების სიდიდე და ოცნებების მასშტაბი განსაზღვრავს. ჩვენ გვაქვს ამერიკული ოცნება და ეს ოცნება დაბრუნდა. ვფიქრობ, იგი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ დიდ წარმატებებს ვაღწევთ. ქვეყანა ამჟამად შესანიშნავად ვითარდება; მსგავსი რამ აქამდე არასდროს გვინახავს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საფონდო ბირჟამ 81-ჯერ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს, რაც სრულიად უპრეცედენტოა - გუშინ ეს რეკორდი კიდევ ერთხელ, უკვე 81-ედ გაუმჯობესდა.

ამასთან, უცხო ქვეყნების, ინვესტორებისა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში 19.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის. მსგავსი მასშტაბი არასდროს გვინახავს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მე ამ პერიოდს "ოქროს ხანას". ეს მართლაც შთამბეჭდავი ეპოქაა, ხვალ კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი დღე გველის.

დღეს კი, Artemis II-ის ეკიპაჟის დამსახურებით, ეს ოცნებები რეალობასთან იმდენად ახლოსაა, როგორც არასდროს. ჩვენ ახალი თავგადასავლის და ისეთი განსაკუთრებული მოვლენის ზღურბლზე ვდგავართ, რომლის წარმოდგენაც ადამიანებს აქამდე თითქმის არ შეეძლოთ. ეს ცივილიზაციის სვლაა ვარსკვლავებისკენ. იქ, მაღლა, საოცრად ლამაზი ვარსკვლავებია. თქვენ გაქვთ გამბედაობა მათთან ახლოს მიხვიდეთ. ამის გაბედვას კი ცოტა თუ შეძლებს, თქვენ კი ამ გზას სხვებზე ადრე ადგახართ. ეს უდიდესი სიმამაცეა", - აცხადებს ტრამპი. 

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები