19 აგვისტო 2026,   17:55
ვრცლად
პრემიერი ევროპელი კანონმდებლების მიერ მიღებულ დოკუმენტს სამარცხვინოს უწოდებს - იმას, რასაც "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევს, ოპოზიცია ისტორიულს უწოდებს

ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია, მთავრობის მეთაურისთვის შანტაჟის მორიგი მცდელობაა. პრემიერ-მინისტრი ევროპელი კანონმდებლების მიერ მიღებულ დოკუმენტს სამარცხვინოს უწოდებს და ფიქრობს, რომ მასზე პასუხისმგებლობა ევრო ბიუროკრატიამ უნდა აიღოს.

ევროპარლამენტმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ბოლო 9 თვეში მეექვსედ იმსჯელა და 6 რეზოლუციაც დაამტკიცა. გუშინ მხარდაჭერილ დოკუმენტში საუბარია სანქციების დაწესებაზე, ბოლო დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე, კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიაჩნიათ, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მხოლოდ ის უნდა იყოს აღიარებული.

ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია ოპოზიცია ისტორიულს უწოდებს. პარტიებისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციის ის ნაწილია საინტერესო, სადაც საუბარი დაკავებულების, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ახალ არჩევნებზეა.

რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერია მმართველი პარტიისთვის მინიმუმ არასერიოზულია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მოწოდებები, რომელიც ევროპელი კოლეგებისგან ისმის უსამართლოა. ამ კონტექსტში აქცენტს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე აკეთებენ. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოთხოვნისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სადაც წამების სისტემის შემქმნელის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ შეუძლებელია იქ ევროპა იყოს.

490 მომხრე, 147 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას მხარი გუშინ დაუჭირა.

დღის ამბები