ვენის კონვენციის დარღვევა, ორმაგი სტანდარტებით მოქმედება, რადიკალური პროცესების წახალისება და ოპოზიციის ინტერესების გატარება - "ქართული ოცნების" მიერ, გერმანიის ელჩის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. საგარეო უწყებას კითხვებით ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ რამდენიმე დღის წინ მიმართა. საპასუხო განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი საქართველოში ელჩის საქმიანობას დადებითად აფასებს და მმართველი გუნდის პოლიტიკას აკრიტიკებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, მმართველი გუნდისთვის ელჩის მხრიდან, დიპლომატიური საქმიანობის ჩავარდნაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პეტერ ფიშერი დიპლომატიურ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა.
გერმანიის საგარეო უწყების განცხადების სულისკვეთებას, იზიარებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ელჩი ფიშერი მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვით და დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად მოქმედებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და პარტნიორობის გაძლიერება - მმართველი გუნდის ლიდერები დიპლომატს საკუთარ მისიას ახსენებენ და ამტკიცებენ, რომ ფიშერის ერთადერთი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციაა. "ქართული ოცნებაში" გერმანიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის უპატივცემულობაზეც საუბრობენ. ამის დასტური კი სახელისუფლებო გუნდისთვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდია, სადაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მონაცემები 2024 წლის შემდეგ არ განახლებულა- პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია დასახელებული.
ერთ ერთი მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით გუშინ უპასუხა.
ავტორი: ნანა გოგატაძე