20 ივნისი 2026,   18:19
ვრცლად
ისრაელსა და ირანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - ისრაელის აეროპორტებში ყველა რეისი გაუქმებულია, შეწყვეტილია სასწავლო და სამუშაო პროცესი

ნატანზში და ფორდუში მდებარე ურანის გამამდიდრებელი ქარხნები, ქირმანშაჰში და ხორამაბადში სარაკეტო ბაზები და ასევე ქვეყნის უდიდესი ქალაქები თეირანი, ისპაჰანი და თავრიზი - ისრაელის ავიაციის დარტყმის შემდეგ ირანის ბირთვული ობიექტები იწვის.

ცახალის 200 გამანადგურებელი ისრაელის აეროდრომებიდან ერთდროულად შუაღამით აფრინდა. შედეგად ირანის მთელ ტერიტორიაზე განადგურებულია 100-ზე მეტი სამიზნე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

სამხედრო ობიექტების გარდა, ისრაელის სამიზნე ქვეყნის ხელმძღვანელი პირები არიან. "ცახალმა" ირანის სამი მაღალი რანგის მეთაურის მკვლელობის შესახებ გამოაცხადა: ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალი მოჰამად ჰოსეინ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გვარდიის მთავარსარდალი გენერალი ჰოსეინ სალამი და რაშიდ გოლამ-ალი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების შტაბის უფროსი. მათთან ერთად, დარტყმებს ვერ გადაურჩნენ ვერც ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მეცნიერები.

აფეთქებების სერიის შემდეგ, ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იერიშების შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ისრაელის განმარტებით, დარტყმის მიზეზი ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხეა. ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, დარტყმები ერთი ტალღით არ შემოიფარგლება და ეტაპობრივად განხორციელდება.

იერიშებს ეხმაურება ოფიციალური თეირანი. ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით ემუქრებიან. უკვე ცნობილია, რომ ისრაელის მიმართულებით ირანიდან ასობით საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავს. მედიის მონაცემებით, ისრაელის საზღვრამდე მისაღწევად დრონებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ.

რეგიონში მიმდინარე ესკალაციას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკას არ მიუღია მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვაში და განხორციელებაში. ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტია რეგიონში დისლოცირებული ამერიკული ძალების დაცვა.

დახურულია რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცეც. ისრაელში და ირანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გაუქმებულია ისრაელის აეროპორტებში ყველა რეისი, შეწყვეტილია სასწავლო და სამუშაო პროცესი. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის ისრაელის ჯანდაცვის სისტემაც.

 

 

 

 

დღის ამბები