20 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
პროტესტი კალიფორნიაში - სამართალდამცველები აქციის მონაწილეების დაშლას რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირით, ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით და ხელკეტებით ცდილობენ 

ლოს-ანჯელესი, პარამაუნტი, კომპტონი, უესტლეიკი, ფეშენ დისტრიქტი, ბოილ ჰაითსი, სან-ფრანცისკო, სან-დიეგო და პასადენა კალიფორნიის ქალაქებში და მსხვილ დასახლებებში შეტაკებები მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები პოლიციას ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად-ხელნაკეთ ფეთქებად საგნებს და პიროტექნიკას ესვრიან. წვავენ პოლიციის ავტომობილებს, ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ძარცვავენ მაღაზიებს.

სამართალდამცველები პროტესტის დაშლას რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირით, ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით და ხელკეტებით ცდილობენ, შტატში გადასროლილია ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცი და 700 საზღვაო ქვეითი.

სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებოდა, ნაწილს კი ბრალად ედება "უკანონო შეკრება", ვანდალიზმი, ძარცვა, პოლიციაზე თავდასხმა ან დაუმორჩილებლობა.

შტატის ხელისუფლება მასობრივი არეულობის მოწყობაში ვაშინგტონს ადანაშაულებს, სან-ფრანცისკოს სასამართლოში უკვე შესულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ 22 გვერდიანი სარჩელი, რომელიც ტრამპს ფედერალური კანონმდებლობის და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

კალიფორნიის გუბერნატორის პოზიციას იზიარებს ლოს-ანჯელესის მერი და პოლიციის უფროსი. ქალაქის ხელისუფლებისთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანა შტატში პრეზიდენტმა სამხედროები გუბერნატორის მოთხოვნის გარეშე.

შტატში ვითარების ესკალაციის მიზეზად, დონალდ ტრამპი დემოკრატი გუბერნატორის გევინ ნიუსომის არაკომპეტენტურობას ასახელებს. კალიფორნიაში ეროვნული გვარდიის და საზღვაო ქვეითების შეყვანის გამო, თავს დამნაშავედ არ თვლის და არც საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას გეგმავს.

ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად შტატში დემონსტრაციები მეოთხე დღეა არ წყდება. ამ დროის მონაცემებით, არეულობის დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო ათობით ადამიანმა, მათ შორის არიან მომიტინგეები, სამართალდამცველები და ჟურნალისტები.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები