27 აგვისტო 2026,   03:17
ვრცლად
"ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი ფურცლიდან, ახალი თვალით" - მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში ტალიაშვილის ელჩად დანიშვნაზე

საქართველოს ელჩი ამერიკაში თამარ ტალიაშვილი იქნება. მთავრობამ პრეზიდენტს ტალიაშვილის კანდიდატურა უკვე წარუდგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციიდან აგრემანი, ანუ შტატების თანხმობა საქართველომ 4 ივნისს მიიღო, რაც იძლევა შესაძლებლობას, ელჩი ვაშინგტონში უმოკლეს დროში ჩავიდეს.

თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, მანამდე კი ჯერ თბილისის საკრებულოს, შემდეგ კი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

საკითხს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თამარ ტალიაშვილის ელჩად დანიშვნა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ელჩის დანიშვნა, წარგზავნა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დასრულდა პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი აშშ-დან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემაც ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი, შეთავაზებული კანდიდატი მათთვის მისაღები იყო და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი ფურცლიდან, ახალი თვალით", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები