20 აგვისტო 2026,   23:35
ვრცლად
თბილისი რიგას ელექტრონულ არჩევნებში გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განვითარებული საარჩევნო პროცესების შემდეგ ლატვიას მორალური უფლება აღარ აქვს, სხვა ქვეყნებს მითითებები მისცეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის ადრესატი ლატვიელი პოლიტიკოსები არიან. ლევან მახაშვილი მიიჩნევს, რომ, განვითარებული საარჩევნო პროცესების შემდეგ, ოფიციალურ რიგას მორალური უფლება აღარ აქვს, სხვა ქვეყნებს მითითებები მისცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საქართველოში, ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს და ლატვიელი მაღალჩინოსნების განცხადებებს იხსენებს და ამბობს, რომ პასუხისმგებელმა ინსტიტუტებმა ლატვიაში კოლაფსი განიცადა და სახელისუფლებო პარტია მზად არის, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ოფიციალური რიგა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას ხშირად აკრიტიკებდა. აქტიურობდა ლატვიის პრეზიდენტი და მოწოდებები ისმოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც.

არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე გავრცელდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დარღვევების გამოძიების მოთხოვნით. მოგვიანებით, ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივი პოზიციაც.

ლატვიის პირველი პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. ხელისუფლების ოპონენტები ახლაც ამტკიცებენ, რომ ლატვიის არჩევნებში პრობლემები ტექნიკური ხარვეზია, ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება კი - დროული.

ორმაგი სტანდარტია "ქართული ოცნებისთვის" საქართველოსთან დაკავშირებით ლატვიის დამოკიდებულება. საპარლამენტო უმრავლესობაში თქვეს ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მიდგომები ორმაგ სტანდარტსაც კი სცდება.

პარლამენტის ბიურომ დღეს სხვადასხვა ქვეყანასთან მეგობრობის ჯგუფების წევრები და ხელმძღვანელები დაამტკიცა, თუმცა ლატვიის, ლიეტუვისა ესტონეთის ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ სამი ქვეყნის არამეგობრულმა პოლიტიკამ განაპირობა.

დღის ამბები