რუსული აგრესიის 1 200-ე დღე უკრაინაში კვლავ ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების ფონზე გათენდა. ოპერაცია "ობობის ქსელის" წარმატებით ჩატარებიდან 1 კვირის შემდეგ, ომში მყოფი ქვეყანა საპასუხო ავიაიერიშების მოგერიებას ყოველდღიურად ცდილობს. კიევი, ხარკოვი, სუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმის სამიზნე ყველაზე ხშირად ხდება.
საჰაერო შეტევების მიუხედავად, უკრაინული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე უქმად არც "ობობის ქსელის" შემდეგ ყოფილან. ბრიანსკის ოლქის გარდა, ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა რამდენიმე ხიდი. ლიანდაგებიდან გადაცვივდა მატარებლები კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში, ასევე ბელგოროდშიც. მომხდარს 10- მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფეთქება მოხდა კიდევ ერთ ხიდზე, ამჯერად - წყალქვეშ. ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, რამდენიმე საათით გადაიკეტა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც რუსულ-უკრაინული დელეგაციები კვირის დასაწყისში სტამბოლში კვლავ შეიკრიბნენ. პირველი რაუნდისგან განსხვავებით, დოლმაბაჩეს შემდეგ, თურქეთმა მხარეებს ჩირაგანის სასახლეში უმასპინძლა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დარბაზში დელეგაციებმა, მედინსკისა და უმეროვის ხელმძღვანელობით, მაგიდის ირგვლივ ადგილების გარდა, ცეცხლის შეწყვეტის წერილობითი გეგმებიც გაცვალეს. თუმცა ამჯერად ვერ გაცვალეს ტყვეები, მძიმედ დაჭრილი სამხედროები და 6 000-მდე დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი. ვერბალური შეთანხმების მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ, გუშინდლის მსგავსად, ისინი დანიშნულების ადგილას და პირობის შესასრულებლად, 1 000-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედრის გადასაცემად, დღესაც გამოცხადდნენ.
ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის კონტურები რომ ჯერ არ გამოკვეთილა, ამაზე ღიად საუბრობს ვლადიმერ პუტინი. კრემლის ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთის სხვადასხვა ოლქში ხიდებისა და ლიანდაგების აფეთქების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ამ ეტაპზე გამორიცხულია. მეტიც - რუსეთის პრეზიდენტი უკრაინულ მხარეს ტერორისტებს უწოდებს. ოფიციალური მოსკოვის გეგმებში არც ცეცხლის შეწყვეტა შედის.
დონალდ ტრამპი მკაცრ მიდგომებს, რუსეთთან ერთად, არც უკრაინის მიმართ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ ომის შეწყვეტისკენ გადადგმულ ქმედებით ნაბიჯებს ვერ დაინახავს. საკუთარი პოზიცია მან რუს კოლეგას უკვე გააცნო. 1 თვის განმავლობაში ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის რიგით მეორე სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა შედარებები და ალეგორიებიც მოიშველია. თეთრი სახლის ლიდერმა დეტალები მედიასთანაც გაამხილა. გამოთქვა ვარაუდიც, რომ ომი ჯერ ვერ დასრულდება.
სანამ რუსული მხარე საპასუხო იერიშზე საუბრობს, მანამდე საერთაშორისო მედია ისევ აქტიურად წერს უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული, მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ. მათ შორის, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია რომ, "ობობის ქსელის" ფარგლებში, უკრაინულმა დრონებმა სულ 20 რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს დაარტყეს და მათგან 10 გაანადგურეს.
შედგება თუ არა მოლაპარაკების მესამე რაუნდი? - კიევში ფიქრობენ, რომ რუსულ დელეგაციასთან პირისპირ, ივნისის ბოლოსაც შესაძლოა დასხდნენ, თუმცა ვიდრე დიპლომატიური ფრონტის მორიგ რაუნდს ნახავს მსოფლიო, მანამდე სამხედრო დაპირისპირება კვლავ აქტიურ ფაზას ინარჩუნებს.