11 აგვისტო 2026,   17:37
ვრცლად
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი - დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

საქალაქო სასამართლოს ნომერ მეთორმეტე სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი მსაჯულმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. დაპირისპირება იყო დარბაზში მყოფებსა და მანდატურებს შორის.

ამ ინციდენტს წინ, ნიკა მელიასა და მოსამართლე შვანგირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მელიამ წინასასამართლო სხდომაზე, რომელზე დასწრებაც ჯერ არ ისურვა, შემდეგ კი თავად მოითხოვა, ვრცლად ისაუბრა გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი დაკავების დეტალებზე, რასაც "ახალის" ლიდერი გატაცებას უწოდებს.

მოსამართლემ განუმარტა, რომ დღევანდელი პროცესი არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდებულ მელიას პოლიტიკურ გამოსვლამდე, პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათას ლარიანი გირაოს გადახდა ჰქონდა დაკისრებული, ვადა კი გუშინ ამოეწურა. სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ ნიკა მელიამ აღკვეთის პირობები დაარღვია და თანხის არ გადახდით უგულებელყო კანონი. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და გირაო პატიმრობით შეცვალა.

მოსამართლე შვანგირაძის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ნიკა მელიას ადვოკატი და თანაგუნდელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა უკანონოა, რადგან ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ბრალდებულს ჯერ კიდევ ჰქონდა გირაოს გადახდისთვის დარჩენილი დრო.

დაცვის მხარის არგუმენტები აბსურდულია ბრალდების მხარისთვის. პროკურორის თქმით, ნიკა მელია 29 დღის განმავლობაში ამტკიცებდა რომ, არც გირაოს გადახდას და არც პროცესზე დასწრებას გეგმავდა.

ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. ხელისუფლების ოპონენტები მელიას უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.

ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნიკა მელიამ შეურაცხყოფა ჯერ სამართალდამცველს მიაყენა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორე დღეს კი უკვე საჯაროდ მოსამართლეს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მისივე სურვილით, ნიკა მელია იზოლატორიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე მომდევნო სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები