პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუბიოს განცხადებაში ნახსენები არ იყო არც საქართველო და არც "ქართული ოცნება".
მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ შეერთებული შტატები იკვლევს კონკრეტულ გარემოებებს და მტკიცებულებებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და საბოლოო ჯამში ასე იღებს გადაწყვეტილებებს.
"ნახსენები არ იყო არც საქართველო და არც "ქართული ოცნება". საუბარი იყო იმაზე, რომ შეერთებული შტატები იკვლევს კონკრეტულ გარემოებებს და მტკიცებულებებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და საბოლოო ჯამში ასე იღებს გადაწყვეტილებებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის კონტექსტის მოძიება.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება იყო და არის ის ხელისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს არაერთი დასკვნა გამოქვეყნებული, თუ როგორ ზედმიწევნით, წარმატებით თანამშრომლობს ის აშშ-თან, მაგალითად: ტერორიზმთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაა, რომელმაც 2021 წელს, მაშინ, როდესაც ავღანეთიდან ნატომ გამოიყვანა თავისი სამხედრო კონტინგენტი, აბსოლუტური ტექნიკური შესაძლებლობა შეუქმნა აეროპორტით და საქართველოს ტერიტორიით, რომ მოკავშირეების ევაკუაცია მომხდარიყო წარმატებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.