რამდენიმე საათი რჩება სტამბოლის მოლაპარაკებამდე. კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მომლაპარაკებელი ჯგუფი კი, რომელსაც პუტინის თანაშემწე ხელმძღვანელობს, უკრაინულ მხარესთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გეგმავს.
თურქეთშია ზელენსკიც, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში ჩაფრინდა. მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯებს ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა მანდატი გააჩნიათ რუსეთის წარმომადგენლებს. მოლაპარაკება დოლმა ბაჰჩეს სასახლეშია დაგეგმილი.
ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი წარმოადგენენ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ბუტაფორიულ დონეს ჰგავს.
"იყო სიგნალები პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ეს დღესაც აქ, ანკარაში. ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონით არის წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩემი ოფისი, სამხედროები, ჩვენი დაზვერვის წარმომადგენლები, რომ მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანოს. რაც შეეხება შეხვედრის მაღალ დონეს, ჩვენ დავიწყებთ შეხვედრას პრეზიდენტ ერდოღანთან, თურქეთის ფართო დელეგაციასთან. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ამერიკულ მხარესთან. ვფიქრობ, რომ ისინიც იქნებიან თურქეთში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ვნახოთ, რუსების დონე ჩემთვის ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა იქიდან, რასაც ვხედავთ, ის უფრო ბუტაფორულ დონეს ჰგავს. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მივიღებთ. უნდა გავიგოთ, როგორი მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას, შეუძლიათ თუ არა მათ რამე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.