დღეს შეიარაღებული ძალების 34 წლის იუბილეა. თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ვაზიანში. ფიცი დადეს რეკრუტებმა, შეკრებილებს მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს სამხედროები. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანის ბაზაზე თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება.
"34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემით მსურს მივმართო ჩვენს ვეტერანებს - იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას, თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულსა და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს.
დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.
განსაკუთრებული სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, წარმატებით ასრულებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია.
ჩვენი ქვეყნის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი