ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტების მიუხედავად, მისი პოლიტიკიდან წასვლის ოფიციალური მიზეზების არ სჯერათ.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც "ქართული ოცნება" იმყოფება.
"ქართული ოცნება" არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც "ქართული ოცნება" იმყოფება, "- აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენა სასანქციო პოლიტიკისგან.
"მას სურდა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ასევე სურვილი, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა და სწავლა-განათლება", - აცხადებს თინათი ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისია, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებისას დაეკისრა, უკვე შეასრულა და ვეღარ ხედავს პარტიის თავმჯდომარედ და პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას.