საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.
პროექტს სესიაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად მიიღეს. ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "გრანტების შესახებ" კანონში შევიდა.
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შეთავაზებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება.