საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანში დაიწყო.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი, ხაზს უსვამს აზერბაიჯანთან სტრატეგიულ, პოლიტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას.
"ეს ვიზიტი, კიდევ ერთხელ, ცალსახად ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანთან სტრატეგიულ, პოლიტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას. ჩვენი, ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური პროექტებისთვის, რომლებიც როგორც ეკონომიკურ ჭრილში, ასევე ენერგომატარებლების კონტექსტში, საქონლის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთში და სხვა სტრატეგიულ პროექტებს ხელს უწყობს. შესაბამისად, ამ ვიზიტიდან ველით ურთიერთობების და კონკრეტული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ დინამიკას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ყაველაშვილის ვიზიტი ქვეყანაში, რომელთან ერთადაც საქართველო შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მოთამაშეა, ჰეიდარ ალიევის ცენტრის მონახულებით დაიწყო.
უკვე დღის მეორე ნახევარში კი, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული პროექტები და სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი - ეს ის საკითხებია, რომლებიც პრეზიდენტმა და ალი ასადოვმა განიხილეს.
ხვალ, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევს შეხვდება.