საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. პრეზიდენტთან ერთად, აზერბაიჯანში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დეპუტატები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში ხორციელდება.
"დაიწყო პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში ხორციელდება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია. ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, იქნება მსჯელობა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.