პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი შურისძიებაა.
მისივე თქმით, კომისია საქართველოს ასამართლებს და ოპოზიციამ მას ბოიკოტი გამოუცხადა.
"მიზანი არ არის ჭეშმარიტების დადგენა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ჰუმანურობა, ან თუნდაც რაიმე სახის ფაქტის გამოძიება. მათი კონკრეტული მიზანი მიემართება შურისძიებას. ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საქართველოს გასამართლების კომისიას გამოვუცხადოთ ბოიკოტი", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ქართველი ხალხის წინაშე "ქართულ ოცნებასაც" აქვს დანაშაული ჩადენილი.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და ეს სიმართლე არ შეიძლება იყოს ნახევრად სიმართლე. დღეს "ოცნება" საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ამ კომისიაში და ამ კომფორტის საშუალება არ უნდა მივცეთ. შევახსენებთ, მათაც რამხელა დანაშაული მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე. "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების არ გამოძიებას არავინ არ ეთანხმება. მეც და ჩემი გუნდიც მივესალმებით იმას, რომ თუ კიდევ არის რაიმე გამოსაძიებელი, ყველას საკადრისი პასუხის უნდა მიეგოს, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს პირობებში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.