2008 წლის აგვისტოს ომი, ბიზნეს რეკეტი, პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა- საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან განაგრძობს.
პარლამენტში შექმნილი დროებითი ჯგუფი 2003-12 წლებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს სწავლობს.
ვინ გასცემდა ბრძანებებს და როგორ მუშაობდა სისტემა- ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას კანონმდებლები მომდევნო დღეებშიც ეცდებიან. დაიკითხება არაერთი მოწმე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ქაოსი, უუნარობა და უპასუხისმგებლობა იყო გავრცელებული.
"ყველა სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა ადამიანის დაჩაგვრას, მისი ქონების წართმევას, პიროვნებისა და ღირსების შელახვას, მასზე უმძიმესი ფიზიკური ზეწოლის მოხდენას, ციხეებში გაუსაძლისი პირობების შექმნას მიზანმიმართულად, რომ ადამიანის ნება ბოლომდე გაეტეხათ.
ამის პარალელურად, ვუყურებდით იმასაც, რომ სრული ქაოსი, უუნარობა, უპასუხისმგებლობა იყო პოლიტიკურ და მმართველობის დონეზეც, 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის გარშემო და მისი მიმდინარეობის დროს, ასე, რომ ეს არის ის სავალალო სურათი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას მოუწიათ ყოფნა მათი მმართველობის პირობებში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.