შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი სატარიფო პოლიტიკა ახსნა. იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკულ საქონელზე ამ დრომდე მაღალი ტარიფი ჰქონდათ დაწესებული, შტატები გადასახადებს გაუნახევრებს. გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი პარტნიორი ქვეყნების მიმართ სამართლიანობის პრინციპის დაცვით ხსნის.
დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფები 10-დან 50 პროცენტამდე მერყეობს. საბაზისო, 10 პროცენტიანი ტარიფი დაუწესა შტატებმა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინასა და თურქეთს. გაცილებით მაღალია პროცენტი მაგალითად ჩინეთისთვის - 34. ვიეტნამისთვის ამერიკამ 46 პროცენტი განსაზღვრა, კამბოჯას კი 49 პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა. ტრამპის სატარიფო პოლიტიკა 20 პროცენტიანი მაჩვენებლით შეეხო ევროკავშირსაც. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა. ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საპასუხო ზომების დროა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამერიკის მიერ ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებაში ბრიუსელს ადანაშაულებს. პიტერ სიიარტომ თქვა, რომ ევროპის მოსახლეობა ევროპელი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის გამო, კიდევ ერთხელ იხდის საფასურს.
ევროკავშირის მსგავსად, გადამჭრელ საპასუხო ზომებს აანონსებენ ჩინეთში. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით მოაგვაროს.
ვაშინგტონის ახლად დაანონსებული სატარიფო პოლიტიკა რომ გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებებს გამოიწვევს, ამის შესახებ ყველა კონტინენტზე საუბრობენ. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მსოფლიოს ლიდერებისთვის იმედგამაცრუებელი, არასამართლიანი და არამეგობრულია. ესპანეთი კი ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად 14 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტის შემუშავებას გეგმავს.
ტარიფების დაწესების გამო, ფართო უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ეკონომიკაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში სავარაუდოდ 5 აპრილიდან შევა. იქამდე კი საერთაშორისო მედიაში აქტიურად წერენ, რომ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნის ტენდენცია შეინიშნება.