20 აგვისტო 2026,   23:41
ვრცლად
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით, ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი

„შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და ის პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე გადავა.

მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.

“ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდებას ევროკავშირში. ჩვენ უკვე შევქმენით ერთობლივი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის გადამცემი ოპერატორების მიერ. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტს დაემატოს ბულგარეთი და ეს არის მნიშვნელოვანი გაძლიერება პროექტისთვის“, - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები