12 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მამაკაცს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა

მამაკაცს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ეს ღონისძიება მიმალვის საფრთხის არგუმენტით პროკურორმა მოითხოვა.

ბრალდების მხარემ ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ისიც, რომ ჯერ კიდევ დასადგენია სხვა პირები. პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს გამო, შოთა ქარუმაძეს 30 ათასი დოლარი გადაუხადეს.

სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. შოთა ქარუმიძეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მის ავტომობილში მოწყობილი სამალავით გადაიპარა გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში, საიდანაც უკვე რუსეთის პასპორტით გავიდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების ფორმულირების უმეტესი ნაწილი, თვითონ ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

"მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესზეც განვაცხადეთ და ახლაც ვამბობთ, რომ ბრალდების ფორმულირება, უმეტესი ნაწილი, უხეშად რომ ვთქვათ, 80%-ი ემყარება თვითონ ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სხვა ღირებული მტკიცებულება ამ ეტაპისთვის არ არის. თუმცა, გამოძიება გრძელდება და ბრალდებულთან შეთანხმებით, უარს ვაცხადებთ განჩინების გასაჩივრებაზე", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორმა, ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სომხეთის ტერიტორიაზევე უკანონოდ გადასვლა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამისთვის მან ფული გადაიხადა.

"2025 წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილის დავალებით, წინასწარ შეთანხმებული გეგმის თანახმად, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ბაჩიაშვილის მიერ წინასწარ ნაყიდ ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მალულად გადაიყვანა ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი. აბაშიშვილს არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება. მან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა", - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები