ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო - ბიუჯეტი მილიონ 600 000-მდე ევროა.
ევროკავშირის ელჩის განმარტებით, მთავრობისთვის განკუთვნილი თანხა, მისი მოქმედებების საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დასახმარებლად გადამისამართდება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე საპასუხოდ, რომ შევაჩეროთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება და თანხა რომელიც უნდა წასულიყო პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში. ვცდილობთ გადავამისამართოთ ამ თანხის ნაწილი მაინც, რათა მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას.
ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტია, სადაც ბევრი ფული იხარჯება, სხვადასხვა აქტივობაში, განსაკუთრებით რომლებიც მიმართულია რეგიონებზე.
ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად და ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან აქტიურია საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის კუთხით და ვიცი რომ ახლა USAID-ის კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც სამი თვით საგარეო დახმარების გაყინვას მოიცავს, ბევრი ეს ორგანიზაცია, რომელიც ფასეულ სამუშაოს ასრულებს ადგილობრივი თემების განვითარებისთვის, საჭიროებს მხარდაჭერას.
ზუსტად ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა. მოუხედავად იმისა რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის რთულ სიტუაციაში კანონმდებლობის, ნარატივის, დაშინების გამო ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი.
"რეაგირება საქართველოსთვის - მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის" - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სახელწოდებით პროგრამა 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება.
მიზნად დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.