პარლამენტში ინიცირებული "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ამერიკული FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია. პროექტი, "გამჭვირვალობის კანონისგან" განსხვავებით, რეგისტრაციას ავალდებულებს არა მხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს, არამედ ფიზიკურ პირებსაც, უარის შემთხვევაში კი გაცილებით მკაცრ რეაგირებას ითვალისწინებს. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით, ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ამერიკაში მოქმედ კანონს ოპოზიცია ვერ აკრიტიკებს.
გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები ახლა ქართულ კანონმდებლობაზე საუბრობენ. შინაარსში არ შედიან, თუმცა ამტკიცებენ, რომ შტატებისგან განსხვავებით, FARA-ს მიზანი საქართველოში რეპრესიული იქნება.
ოპოზიციის პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს. "ქართული ოცნებისთვის" გასაგებია, თუ რატომ ვერ აკრიტიკებენ მათი ოპონენტები ყველაზე დემოკრატიულად აღიარებული სახელმწიფოს კანონმდებლობას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სწორედ ამ ნიშნით გადმოიღეს ამერიკული FARA ქართულ რეალობაში.
კანონპროექტის მნიშვნელობაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს, მით უფრო ახლა, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნები ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც ამხილა.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" განსახილველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. პროექტზე მსჯელობა რამდენიმე დღეში დაიწყება.