12 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
"გვაქვს ადგილები, სადაც მოსახლეობასთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს, თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2.20 მეტრს გადააჭარბა" - ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი

უკვე მეექსვე დღეა, ქვეყანაში უამინდობაა - სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონებში. ყველაზე რთული ვითარებაა გურიაში, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მამაკაცი სახურავის წმენდის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონის ფილა დაეცა.

თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაკეტილია გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.

მოქალაქეების ნაწილი უკვე ევაკუირებულია. ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. რეგიონში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. დაწყებულია მუშაობა დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად.

გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განამვლობაში მიმდინარეობს, თუმცა ინტენსიური თოვა ართულებს გზის გაწმენდით სამუშაოებს. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარება მძიმეა, არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობასთან დიდთოვლობის გამო ფიზიკურად ვერ მიდიან და კომუნიკაციასაც ვერ ამყარებენ.

"ლანჩხუთში ინტენსიური თოვის შედეგად შეიქმნა სერიოზული პრობლემები, მათ შორის მთლიანად გურიაში. უკვე მერამდენე დღეა გადაუდებლად თოვს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ის ტექნიკა, რომელიც თავიდანვე იყო მობილიზებული ფიზიკურად ვერ ახერხებს თოვლის წმენდას, საჭიროა ე.წ. გუსენიციანი, რკინისსაბურავებიანი ტექნიკის მუშაობა.

გარკვეულ ადგილებში გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ ფიზიკურად მოსახლეობასთან ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს. თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2.20 მეტრს გადააჭარბა, მათ შორის ქალაქში უკვე 1 მეტრამდეა.

ყველა სამსახურები ჩართულია, 24-საათიანი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი მოხდება თოვლის წმენდა, იმდენად ინტენსიური თოვაა, ფაქტობრივად თოვლი ისევ თავიდან საწმენდი ხდება.

ამ ეტაპისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა ითხოვს შველას. 40-მდე სახლია დაზიანებული, უფრო მეტი შემოდის ზარები, რომ სახლები იმტვრევა თოვლის მასიდან გამომდინარე", - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები