პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება. ამასთან, მათიკაშვილი ოპონენტებს ახსენებს, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა.
"ეს კომისია იქნება გამჭვირვალე, მისი მუშაობის პროცესი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და სახელი დაერქმევა ყველა იმ დანაშაულს, რომელიც 2012 წლამდე იქნა ჩადენილი საქართველოში. პროცედურული საკითხები გადაწყდება პარლამენტის მიერ და დადგინდება ის წესი, რა წესითაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა.
რადიკალი ოპოზიციონერების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს თავად შესაძლოა ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი. ამ პროცესში მონაწილეობაზე ისინი უარს აცხადებენ, თუმცა არის კანონის კონკრეტული დათქმები, რომელიც ავალდებულებს ყველა პირს მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მოქმედებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაყენებული," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ, ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.