სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე დასასწრებად გასამგზავრებლად ემზადება ოპოზიცია. რომელმაც, მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილებით მიმართა და მოითხოვა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ იქნას აღიარებული.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ისაუბრებენ იმ დარღვევებზე, რომელიც არჩევნებზე იყო.
"შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ჯგუფებს. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ოჯახის წევრები ვართ, EPP-ის, და ცხადია, მათ შორის სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს, სხვა ევროპის პოლიტიკური ოჯახების წევრებს, გვექნება საერთო კოორდინაცია. ჩვენ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც არჩევნებზე, ასევე - რუსთაველის გამზირზე. გვექნება კონკრეტული ფაქტები წარდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია", - აცხადებს ლაშა ფარულავა.
განცხადება გააკეთა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა, ლანა გალდავამ.
"აუცილებელია, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა იგრძნონ პერსონალური პასუხისმგებლობა - სწორედაც იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გადარჩეს დემოკრატია და აუცილებელია გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა ქართული ოცნების მისამართით. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს სამომავლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ მოესპოს ევროპული მომავალი", - აცხადებს ლანა გალდავა.
ცნობისთვის, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო" მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.