"ნებისმიერ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციონერს, ასევე უცხოურ ძალას, რომელსაც ჰქონდა პრეტენზიები არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ამ საუბრის შემდგომ არის დასრულებული", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამ სატელეფონო საუბარმა, მოსაზრებებს, თითქოს პარლამენტი არალეგიტიმურია, წერტილი დაუსვა.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვები, და დაიწყო უკვე, როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. შესაბამისად, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ხელმძღვანელის ინიციატივით შემდგარი საუბარი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ დაინახეს საქართველოს რეალობა, დაინახეს, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სუვერენული ქვეყანა. დაინახეს, რომ ქართველი ხალხი ღირსებას იცავს და ვიცავთ ჩვენს ქართულ იდენტობას და სუვერენიტეტს.
რა თქმა უნდა, გადმოიდგა ნაბიჯი იმისათვის, რომ იმ ხალხშიც კი, ვისაც ჯერ კიდევ გქონდა განცდა, რომ შეიძლება არალეგიტიმური იყოს მათი აზრით პარლამენტი, ამას წერტილი დაესვა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.