31 აგვისტო 2026,   15:51
ვრცლად
"ვერ მიაღწევენ ვერც მსხვერპლს და ვერც იმას, რაც თავად უნდათ, მაგრამ, რომ უნდათ და ინფორმაციაა, ამას სუს-ის განცხადებაც ადასტურებს" - მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით დაგეგმილ არეულობის სცენარზე საუბრობს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება.

მამუკა მდინარაძის თქმით, მასაც აქვს კონკრეტული მტკიცებულება შეტყობინების სახით, რომელიც ერთ-ერთმა დეპუტატმა მიიღო და მას უსაფრთხოების სამსახურს მიაწვდიან. 

"გახსოვთ ალბათ, ჩემს მიერ გამოქვეყნებული ე.წ. სქრინშოთი, რასაც ერთ-ერთი მოქალაქე მწერდა აქციიდან. შემდეგ ზოგი ხელოვნურად გაბრაზდა ამაზე, ძალიან კარგად იცოდნენ რაში იყო საქმე, ზოგმა ამის ირონიით გადაფარვა სცადა. ზუსტად სამ საათში, ასევე გასაჯაროვდა ჩემს მიერ ე.წ. სქრინები, რომლის მიხედვითაც, მათი ერთ-ერთი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ადასტურებდნენ ამ ინფორმაციას და მერე გაკმინდეს ხმა. ეს ჰაერიდან მოტანილი კი არ არის, ეს უნდათ. ვერ მიაღწევენ ვერც მსხვერპლს და ვერც იმას, რაც თავად უნდათ. მაგრამ, რომ უნდათ და ინფორმაციებია, ამას სუს-ის განცხადებაც ადასტურებს და მანამდე გახმოვანებული ჩვენი ინფორმაციებიც, რაც მოგვდის მათგან და დღეს ამას ემატება უცხოური ნომრით ერთ-ერთ დეპუტატთან მიღებული ინგლისურენოვანი გზავნილი, სადაც ასევე მსხვერპლზეა ლაპარაკი. სწორ ხაზზე დადექით, რომ მსხვერპლი არ იყოსო, დაახლოებით ასეთი ტექსტია ინგლისურ ენაზე. დღესვე მივაწოდებ ამას სუს-ს და ასევე, ნომრის დაფარვით, ნებისმიერ თქვენგანს გაჩვენებთ ახლავე," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები