პროტესტის მე-9 დღე და 48 დაკავებული ერთ ღამეში - რუსთაველის გამზირსა და დედაქალაქის სხვა ტერიტორიაზე დაკავებული დემონსტრანტები, წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაანაწილეს. პოლიცია მათ დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
თავად დაკავებულები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ. დაკავებულთა შორისაა, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია.
"დაკავებულები იმყოფებიან ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავისა და გორის იზოლატორებში. ადვოკატები გადანაწილებულები ვართ ამ იზოლატორებში და ყველა მათგანს ვინახულებ. ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაზუსტოთ მათი ადგილსამყოფელი და შემდგომ უკვე ადვოკატებმა შესაბამისი რეაგირება განვახორციელოთ," - განაცხადა ადვოკატმა.
ავტორი: ლუკა ჩანგელია