19 აგვისტო 2026,   20:26
ვრცლად
ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომელსაც POSTV-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან - რას აცხადებენ მხარეები

პროკურატურამ, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია POSTV-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე.

ოფიციალური ცნობით, ისინი, ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ვიტალი გუგუჩიამ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, რომ ამ მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს.

"ბრალდება, თითქოს მე მას სახლში მივუვარდი, აბსოლუტური სიცრუეა, რადგან ნებისმიერი ჟურნალისტი დამეთანხმება, რომ პრეცედენტი, რომ სახლთან მიდიხარ რესპოდენტთან, რათა კითხვები დაუსვა, არის ჩვეულებრივი მოვლენა. არავინ არავის არ მივარდნია. საკმაოდ შორ მანძილზე ვიდექი, შეურაცხყოფის მოყენება რომ დაიწყო, მე მასთან ახლოს არ მივსულვარ და ამიტომ მივედი, რომ მეკითხა, რატომ მლანძღავდა და მაგინებდა. ამის კადრებიც არსებობს," - აცხადებს POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე.

ბრალი, რომელიც გუგუჩიას წარუდგინეს, ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა მიუთითებს, რომ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

"წარმედგინა ბრალი, გადმომეცა საქმის მასალები. ორი თითით ვკარი ხელი, რომ წასულიყო ჩემი სახლიდან. არა, რას ლაპარაკობთ [ხელი არ დამირტყამს]. მაგის მერეც მოტრიალდა, დააგდო კამერა, გამოიქცა და ჰაერში ფეხებით მახტებოდა. მე ვისჯები იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი ვარ, ვინც სიმართლეს ამბობს და ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის,“ - აცხადებს ვიტალი გუგუჩია.

დღის ამბები