"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეების ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ კანონის განხილვა შეაჩეროს და დოკუმენტი უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეებმა, დილით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყეს შეკრება, თუმცა პოლიციამ მათ ტერიტორიის ეს მონაკვეთი დაატოვებინა.
პარტიის "ახალი" წევრის, ნიკა ფარულავას განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"კონსტიტუციით მინიჭებული ყველა მეთოდით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის ის გზა, რომელსაც მსგავს ვითარებაში მოქალაქეები მიმართავენ", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
პარტია "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, საპროტექსტო ტალღა არ შეწყდება.
"ეს პროტესტი გაგრძელდება სრულიად მშვიდობიანად და აუღელვებლად. ამ პროტესტსა და განწყობას შეუძლია, რომ გააჩეროს ეს რუსული სპეცოპერაცია", - განაცხადა საბა ბუაძემ.