სუსმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრი დააკავა. ბრალდება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაა. გამოძიების ინფორმაციით, ცისკარა ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე "ემირი ისა", საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
პანკისში ტოხოსაშვილს ადგილობრივები კარგად იცნობენ. იციან რომ გარკვეული დროის განმავლობაში უცხოეთში იყო წასული, თუმცა რას საქმიანობენ, როგორც ამბობენ არ იციან. დეტალებზე არ ჰყვებიან ასევე წარდგენილ ბრალთან დაკავშირებითაც, რის საფუძველზეც ის დააკავეს, საუბარია ტერორიზმთან კავშირზე.
"კურიერი" ესაუბრა უხუცესს, რომელმაც ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგო. დეტალები მისთვისაც უცნობია.
ტოხოსაშვილის დედა კამერებთან, ამ ეტაპზე, არ ჩნდება.