14 ივნისი 2026,   19:33
ვრცლად
თავდასხმა საქართველოს ბანკზე - შსს-მ გამოძიება ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო 

უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთი მძევლის მამას, მისი თქმით, ინფორმაცია ბანკში შესული თავდამსხმელის შესახებ შვილმა მიაწოდა, თუმცა შემდგომში კონტაქტი აღარ ჰქონია. ამიტომ უცნობია, როგორია მათი ახლობლების მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრისას თავდამსხმელმა ჰაერში გაისროლა.

თავდამსხმელის მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის დროშას და ანკესს ითხოვს.

თავდამსხმელი პერიოდულად მძველებისგან ფეისბუკის ლაივ-რეჟიმში გასვლას მოითხოვს და საკუთარი მოთხოვნების შესახებ აცხადებს.  პირი, რომელიც სამხედრო ფორმაშია ჩაცმული ამბობს, რომ მას ასაფეთქებელი საშუალებები აქვს დამაგრებული როგორც სხეულზე, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობებია ბანკის კარზეც. სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩანს ბანკიდან გავრცელებულ ვიდეოებშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

დღის ამბები