ფინანსები, კულინარია, დისტრიბუცია, კომპიუტერული პროგრამები - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათ. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 16 წლისა და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ. რეგისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებშია შესაძლებელი.
საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროგრამაში თბილისში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოქმედი 12 პროფესიული კოლეჯი ჩაერთო. მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოკლევადიან კურსებზე სწავლება ძირითადად ერთიდან სამ თვემდე გრძელდება და თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.
სასწავლო კურსებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სრულად აფინანსებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გადაეცემათ. სააგენტო კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან აკავშირებს და შესაბამის ვაკანსიებისაც სთავაზობს.
სასწავლო კურსების შერჩევა დამსაქმებლებთან კონსულტაციისა და დეფიციტური პროფესიების გათვალისწინებით ხდება. პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაციას წლის განმავლობაში რამდენჯერმე აცხადებს. მიმდინარე წელს უკვე გადამზადდა 4 000-მდე ადამიანი. სააგენტოს ინფორმაციით, მათი უმრავლესობა საკუთარი პროფესიული პროფილით უკვე დასაქმდა.
სასწავლო კურსების ნაწილი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ერთ თვეში სრულიად ახალ პროფესიულ უნარებს დაეუფლონ და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღონ. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.