ბათუმის კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი ოსკარის სამგზის ნომინანტი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდია, რომელმაც კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. ქართველმა მაყურებელმა რეჟისორის ბოლო ნამუშევარი, ფრანც კაფკას ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი "ფრანცი", იხილა.
რვა დღე, ასამდე ფილმი და შავი ზღვის სანაპირო - ბათუმი კინემატოგრაფიის ცენტრად იქცა. ფესტივალი, რომელიც აჭარაში ორი ათეული წელია იმართება, საიუბილეო თარიღს ახალი პროგრამით და საერთაშორისო სტუმრებით შეხვდა.
ფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, "დიდოსტატთა კოლექციას", სექციას "მუსიკა კინოში" და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს მოიცავს. კინოს მოყვარულებს ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმებისა და ანიმაციების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
ერთი კვირის განმავლობაში კინოჩვენებები ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის ღია ცის ქვეშ, გაიმართება.
ბათუმის დრამატულ თეატრში ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის, ფილმის "მთვარე მამაა ჩემი" პრემიერა გაიმართა.
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი საიუბილეო წელს ახალი ინიციატივით ხვდება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა ფესტივალის ხეივანი, სადაც საპატიო სტუმრებმა ბათუმის ბულვარში ხეები დარგეს.
ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ, კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.