გაეროს გენერალური ასამბლეის ოფიციალურ გახსნამდე სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები "მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის" ფარგლებში შეიკრიბნენ. ევროპული საბჭოსა და ექვსი თანაორგანიზატორი სახელმწიფოს ინიციატივით გამართული შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დოკუმენტზე ხელმომწერებმა საერთაშორისო სამართლის, სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღეს.
შეხვედრას, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები და არაერთი სახელმწიფოს პირველი პირი ესწრებოდა, სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ საქართველო ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ ყველა პრინციპს იცავს.
მსოფლიოში არსებული დაპირისპირებები, კონფლიქტები და ძალაუფლების გადანაწილება - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რაზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, გაეროს 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნისას ისაუბრა. ანტონიო გუტიერეშის შემდეგ ტრიბუნა ამერიკის პრეზიდენტმა დაიკავა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. დებატების მონაწილეებს ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. მანამდე მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ, მონაწილეობენ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი", ამ შინაარსის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ვიცე-პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და შტატებთან პარტნიორობაზე ისაუბრა.
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაც გააფორმა. პრემიერ-მინისტრმა ნაურუს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნაურუს პრეზიდენტმა მოაწერეს.
"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - ეს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი დევიზია. ნიუ-იორკში შეკრებილი ლიდერების მიზანია, მსოფლიო კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე დაამტკიცონ, რომ საერთაშორისო დიპლომატიას გლობალური პრობლემების გადაჭრის ძალა აქვს.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში.