11 ნოემბერი 2026,   17:34
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა პროცესიდან გაძევებული ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სხდომაზე დაბრუნების შესახებ.

აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სხდომაზე დაბრუნების ნება დართო ნიკა გვარამიას, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა. როგორც რევაზ ნადარაიამ განმარტა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი სხდომას ვეღარ დაესწრება.

"მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. ბატონ გვარამიას ნაწილში დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მან წესრიგი დაარღვია, სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, დაარღვია წესრიგი. შესაძლებელია მას მიეცეს შანსი იმისა, რომ დაბრუნდეს, დაესწროს ამ პროცესს და წარმოადგინოს თავისი პარტია.

რაც შეეხება ქალბატონ კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90 პროცენტი უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი მან რატომ აირჩია ეს როლი სხდომის მიმდინარეობისას, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია. ამავდროულად, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რასაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე", - განმარტა რევაზ ნადარაიამ.

დღის ამბები