01 დეკემბერი 2020,   22:30
ვრცლად
მკვლელობით დასრულებული თავდასხმა ცნობილი ბიზნესმენის ოჯახზე - საბა თათეშვილი მკვლელობაშია ბრალდებული

მკვლელობით დასრულებული თავდასხმა ცნობილი ბიზნესმენის ოჯახზე. საბა თათეშვილი, რომლის ოჯახიც შპს "საბა თაუერის" მფლობელია, მკვლელობაშია ბრალდებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დილით, დანით შეიარაღებული პირი თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა, საპასუხოდ თათეშვილმა თავდამსმხელს ესროლა, რა დროსაც ის ადგილზევე დაიღუპა. 

45 წლის ვალერი შარტანოვის ცხედარი 4-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საზარელი მკვლელობა პაბლო პიკასოს ქუჩაზე დღეს გამთენიისას მოხდა. "კურიერს" სანდო წყარომ უამბო, რომ მოკლულის დედა, პალინა შარტანოვა, თათეშვილების ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. შვილმა დედას გამთენიისას მიაკითხა და ფული მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დედას ხელ-ფეხი შეუკრა და სახლის იზოლირებულ ნაწილში დატოვა, ამის შემდეგ კიბის გავლით სახლში შევიდა და მძინარე  29 წლის საბა თათეშვილს თავს დაესხა. თათეშვილმა დანით მიღებული ჭრილობების შემდეგ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით ისარგებლა და ვალერი შარტანოვს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ თათეშვილი თავის დაცვას ცდილობდა. მომხდარის ნაწილი ეზოსა და ჭიშკართან დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

მკვლელობის შემდეგ დილის 9 საათზე საბა თათეშვილმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და პიკასოს ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე მივიდა, ავტომობილი გააჩერა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე საკარანტინო ზონაა, მას სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს. 09:45 საათზე სასწრაფოს ბრიგადამ "ევექსის" კლინიკაში მიიყვანა. ის გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს. ამ დრომდე ბრალდებული პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თავდამსხმელმა ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

საბა თათეშვილი და მოკლული ვალერი შარტანოვი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. დედასთან ერთად, შარტანოვი თათეშვილებთან თავადაც მუშაობდა და სახლის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ის სამსახურიდან 2008 წელს გაათავისუფლეს, გადაწყვეტილების მიზეზებზე ოჯახის ახლობლები ვერ საუბრობენ. ბრალდებული საბა თათეშვილი კი, გავლენიანი ბიზნესმენის, შპს "საბა თაუერის" მფლობელის თემურ თათეშვილის შვილია, თავდაპირველი ვერსიით მოხდარი მამის ბიზნესსაქმინობას უკავშირდებოდა, თუმცა ადგილზე ამ ფაქტს არავინ ადასტურებს. მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური და გასროლა არავის გაუგია.

მოკლული ვალერი შარტანოვი მამასთან ერთად ჩაქვში ცხოვრობდა. მამამ შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს შეიტყო, მეზობლებმა კი არ იციან, ჰქონდა თუ არა მოკლულს ფინანსური პრობლემები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე საბა თათეშვილი დააკავა, ქირურგიულ განყოფილებაში მყოფი პირი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობდნენ. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით უვკე ამოიღო ცხელი იარაღი და დანა. გამომძიებლები უკვე სწავლობენ იმ ვიდეომასალას, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- მოხმარების, ასევე განზრახ მკვლლობით დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ საბა თათეშვილის ქმედებას ბრალდების მხარე თავდაცვად არ შეაფასებს, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები