29 ოქტომბერი 2026,   06:41
ვრცლად
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანიას და ირაკლი ჩხვირკვია ციხეს ნოემბერში დატოვებენ - დღეს მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს, ასევე გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა. სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა და მოინანია.

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულები რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად. დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში ეტაპობრივად დატოვებენ.

ადვოკატ მაია მუმლაძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავამ ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა, რაც კანონმდებლობის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობაა.

"მურთაზ ზოდელავამ მისთვის ბრალად შერაცხულ აღიარებას მოწერა ხელი, რასაც ითვალისწინებს ზოგადად კანონმდებლობით საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა", - აცხადებს მურთაზ ზოდელავას ადვოკატი.

ლაშა ბერიძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით ერთ კვირაში დატოვებს.

"ბრალად წარდგენილი ქმედება რაც იყო, მოხდა მისი აღიარება დაახლოებით ერთ კვირაში ლაშა ბერიძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, როგორც მსჯავრდებულთა მხრიდან, ასევე პროკურატურის მხრიდან არის სწორი ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება", - აცხადებს ლაშა ბერიძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ბრალდებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალდება ნებაყოფლობით აღიარეს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის საფუძველზეც სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და თითოეულ მათგანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

"დღევანდელ სხდომაზე თითოეულმა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალდებას. ასევე, უდავოდ ხდიან ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ასევე მასში მონაწი ბლეობისა და ასევე სადავო ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტს და მოითხოვეს შეთანხმების დამტკიცება. სასამართლომ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რომლის საფუძველზე თითოეულ მათგანს სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრათ 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი.

აღიარება გახდა ამ შემთხვევაში საფუძველი შეთანხმების დამტკიცების, სასამართლოში მათ დეტალურად მიუთითეს მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა ეს აღიარება ნებაყოფლობითი, უდავოდ ხდიდნენ თუ არა ბრალდების მხარის მტკიცებულებას, თითოეულ შემთხვევაში მათ გასცეს დადებითი პასუხები. სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში", - აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები