29 ოქტომბერი 2026,   06:40
ვრცლად
გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება - პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ

პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ. ამჯერად, დაპირისპირება სოციალურ ქსელში ეკა გიგაურსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მოხდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა "ფედერალისტების" ლიდერი ერთიანობის დაშლაში დაადანაშაულა, ჩერგოლეიშვილმა კი გიგაურის მხრიდან პროტესტის ერთპიროვნული მართვის სურვილზე გააკეთა აქცენტი.

განსხვავებული როლებით საერთო მიზნის მისაღწევად - ასე აფასებენ მმართველ გუნდში დაპირისპირებას, რომელიც რეალურად ენჯეოებსა და ოპოზიციას შორის სიმბოლურ ზღვარსაც კი შლის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, საგარეო ლობისტების დავალებით, ოპოზიცია და არასამთავრობოები საერთო დესტრუქციულ მიზანს ემსახურებოდნენ - კონსტიტუციური წესრიგის მოშლის მცდელობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.

სამოქალაქო სექტორი რომ ოპოზიციური ძალებისგან სიმულაციურად იყო გამიჯნული, ამას დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არ მალავდნენ. ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც საერთო ამოცანა ამოძრავებდა - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების მიერ დანახული არასამთავრობოებისა და პარტიების კორელაცია საპროტესტო მოვლენების დროს.

ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის რომ ზღვარი ყოველთვის წაშლილი იყო, ეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის ახალი ამბავი არ არის. კანონმდებლების განმარტებით, საქართველოს განვითარების ვექტორის მიზანმიმართული შეფერხების მცდელობა, რევოლუციებისა და გადატრიალებების სცენარები მუდმივად კომბინირებული მუშაობის შედეგად იგეგმებოდა, რაც საზოგადოების თვალში მათი ელექტორალური განულების მიზეზად იქცა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში, ოპოზიცია და ენჯეოები საპროტესტო სცენაზე ერთად არაერთხელ გამოჩნდნენ. გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებამ ხელისუფლების ნარატივი, მათ ერთიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამყარა.

 

დღის ამბები