პარლამენტში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მიმართა.
მოისმინეს მეუფის მოხსენება თემაზე - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი როლი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში".
"2000 წელია არსებობს საქართველოს ეკლესია, 2000 წელია ქრისტიანობა არის ქართველისთვის ინდივიდუალური განცდა და 1700 წელია ეს განცდა უკვე სახელმწიფოებრიობას მოეფინა და ჩვენს სხვა პასუხისმგებლობაში გადავიდა. ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა ჩვენთვის ნიშნავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ყოფნას და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ მისწრაფებებზე, ჩვენ სინამდვილეში ვესწრაფვით ჩვენი საკუთარი წარსულისადმი ერთგულებას. საქართველო არის თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციის, ვინაიდან ევროპული ცივილიზაცია სწორედაც ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეფასება გააკეთა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი).
"ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო და საუკუნეების განმავლობაში მრავალი სახის იყო გამოწვევა და ნებისმიერი სახის გამოწვევას უპასუხა ქრისტიანობამ და შეინარჩუნა ერმა თავისი თვითმყოფადობა, თავისი ღირებულებები." - აღნიშნა მეუფე დანიელმა.