საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო კოლეგია ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს უსმენს. მათ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია წარადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ისაუბრეს.
სხდომაზე გიგა ლემონჯავამ წაიკითხა ევროპარლამენტის რეზოლუციების ნაწილი, რასაც მოსამართლეებთან კამათი მოყვა.
"2024 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე ხუთი დღით ადრე, ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით - 445 ხმით მიიღო რეზოლუცია "მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა", რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა.
წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ.
პლენუმმა ლემონჯავას განუმარტა, რომ რეზოლუციები პარტიების აკრძალვის სარჩელთან კავშირში არ არის და ოპოზიციას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, საქმის სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდნენ.
"ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რადგან სასამართლოს უწევს ახლა იმის განმარტება, თუ რა არის საჯარო სხდომა, განვმარტავ, თუ რა არის საჯარო სხდომა.
საჯარო სხდომა არის ის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, რომ უყუროს, თვალყური ადევნოს სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ტრიბუნიდან ელაპარაკოთ ხალხს. სასამართლოს ტრიბუნაზე საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და საუბრობენ სასამართლოსთვის, ვინაიდან აქ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და არა საზოგადოება. ბატონ გიორგის მოვუწოდებ, ელაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არაფერ შემთხვევაში არ არის კონკრეტულ სარჩელთან," - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.