29 ოქტომბერი 2026,   08:36
ვრცლად
5 მსჯავრდებულიდან სამმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მოგვმართა, მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ იმაზე ნაკლები რეალური სასჯელი განესაზღვრებათ, ვიდრე მისჯილი აქვთ - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი როინ ხინთიბაძე

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს, ასევე გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა. სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა და მოინანია.

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულები რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად. დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში ეტაპობრივად დატოვებენ.

კონსტანტინე კოკაიას ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცესში გაჟღერდება, ხოლო შეთანხმების დასამტკიცებლად აუცილებელია ბრალდებულმა დანაშაული აღიაროს და მტკიცებულებები უდავოდ ცნოს.

"აღიარებას, ბუნებრივია, ადგილი ჰქონდა. აღნიშნული გაჟღერდება, მათ შორის, შემდგომ სასამართლო პროცესზე, როცა მოხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემდგომ უკვე სასამართლოს მხრიდან დამტკიცება. ზოგადად საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და მტკიცებულებებს ხდის უდავოდ“, - აცხადებს კონსტანტინე კოკაიას ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

პროკურორ როინ ხინთიბაძის განცხადებით, ხუთი მსჯავრდებულიდან სამმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას და დანაშაულის აღიარების მზადყოფნა გამოთქვა. მისივე თქმით, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმების შემთხვევაში მსჯავრდებულებს თავდაპირველად შეფარდებულზე ნაკლები რეალური სასჯელი განესაზღვრებათ.

"5 მსჯავრდებულიდან 3-მა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მათ მიუთითეს, რომ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა, იმაზე ნაკლები რეალური სასჯელით, ვიდრე მისჯილი აქვთ.

რაც შეეხება დანარჩენ მსჯავრდებულებს, მათგან ერთი არის ძებნილი და რა თქმა უნდა, ძებნილ პირთან ვერ მოხერხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ხოლო 1 პირს, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ზეპირსიტყვიერად თანხმობას აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა სანამ წერილობით არ მოგვმართავს, შეუძლებელია ამ ყველაფერზე მსჯელობა. თუმცა, ვინც მოგვმართავს განცხადებით, აუცილებლად ვიმსჯელებთ და ყველა პირს, რა თქმა უნდა, გარკვეულ საპროცესო შეთანხმებას გავუფორმებთ", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბაძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები