პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვითაც, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს
პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვითაც, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ბუნებრივ აირზე სატარიფო პოლიტიკა, ელექტროენერგიის მსგავსი იქნება. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის პრინციპია - ვინც ნაკლებს მოიხმარს - ნაკლები გადაიხადოს, ხოლო ვინც მეტს - მეტი.
ბერიკაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამები აქვს და ეს პროგრამები ძალაში რჩება.
"ჩვენი რეკომენდაცია არის, იმის ნაცვლად, რომ ყველასთვის იყოს ერთიანი ტარიფი, აქცენტები გადატანილ იქნეს დიფერენცირებულ ტარიფზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ფიზიკურ პირებზეა საუბარი, რომლებიც მიმართავენ დაზოგვის პოლიტიკას, მათთვის ტარიფი იყოს უფრო შეღავათიანი და მოხმარების მიხედვით განისაზღვროს ტარიფი, იმის ნაცვლად, რომ იყოს ერთიანი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაში არსებობს სოციალური თანასწორობა და სოციალური სოლიდარობა", - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.