24 იანვარი 2021,   17:36
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ექსპერტი დავით ელისაბედაშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პირების ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილის და ცოტნე სოსელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების ერთი მოწმე ექსპერტი დავით ელისაბედაშვილი დაიკითხა.

დავით ელისაბედაშვილმა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ისაუბრა. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებებიც.

პროკურორის გიორგი მუკბანიანის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები ადასტურებს, რომ ბრალდებულები ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობდნენ.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ხელკეტი, დაზიანებული სპეციალური საშუალებები პოლიციის, აგრეთვე პარლამენტის შენობის წინ არსებული ნივთები, რომელიც დაზიანდა ჯგუფური მოქმედებების შედეგად. იკვეთება ის, რომ ხსენებული ბრალდებულები მონაწილეობდნენ აღნიშნულ მოქმედებაში," - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ნივთებს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ბრალდებულებთან კავშირი არ აქვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობენ. არცერთ ამ ნივთთან ან საგანთან შეხება არ ჰქონიათ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერც ექსპერტმა ვერ მიუთითა და ბუნებრივია, ვერც ბრალდების მხარე მიუთითებს," - აღნიშნა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

დღის ამბები