20 ნოემბერი 2026,   09:54
ვრცლად
"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვა კლინიკაში რჩება, კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა.

ამავე კლინიკაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც იქ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედასთან ერთად გადაიყვანა. დედა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ფონიჭალიდან შეყვანილი 3 პაციენტი რჩება.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენთან ორი პაციენტი იმყოფება. ერთი ბიჭუნა, 11 წლის, რომელიც დედასთან ერთად მოყვანილი იქნა ამ ტრაგედიიდან მალევე, ხოლო გოგონა, 3 წლის პატარა, დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ შემოიყვანეს, ამ ტრაგედიიდან.

რეალურად, მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილური გახლავთ. ბუნებრივია, მათ უტარდებათ დინამიკაში ყველანაირი შემოწმება. საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი წესრიგშია და მდგომარეობა სტაბილურია.

მინიმალური დაზიანებები ჰქონდა პატარას. შესაბამისად, ერთადერთი, რაც იყო საყურადღებო, ეს არის მარცხენა მუხლის სახსრის მიმდებარე ქსოვილების მსუბუქი დაზიანება. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია.

ბუნებრივია, მივუხედავთ და მისი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და რაც მთავარია, დღეს უკვე ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მათ მართვაში", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

დღის ამბები