20 ნოემბერი 2026,   10:12
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძე ტრაგედიით სპეკულაციებზე: წარმოუდგენელი ფაქტია, რომ შეიძლება ასეთი ტიპის შეფასებები ამოგივიდეს პირიდან ან დაწერო - კომენტარსაც არ იმსახურებს მათი განცხადებები

ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამარცხვინოა თითოეული განცხადება, რომლითაც ოპოზიცია ცდილობს, ადამიანების ტრაგედიები გამოიყენოს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები წერდნენ, რომ მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ კი სოციალურ ქსელში გააზიარა მასალა, რომელიც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ნგრევის შემდეგ, სერბეთში დაწყებულ პროტესტს უკავშირდება. აქტივისტი ნენსი ვოლანდი კი უბედურ შემთხვევას ფონიჭალის მოსახლეობის სავარაუდო პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირებს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სამარცხვინოა ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები.

"ძალიან სამწუხაროა და რთულიც კი არის რაიმე კომენტარის გაკეთება, იმასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ამ შემთხვევასთან მიმართებით. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი, რომ შეიძლება ასეთი ტიპის შეფასებები ამოგივიდეს პირიდან ან დაწერო. კომენტარსაც ვფიქრობ, რომ არ იმსახურებს მათი ეს განცხადებები, სამარცხვინოა თითოეულის ტექსტი, რომელიც წავიკითხეთ და თითოეული სიტყვები, რომლებიც მოვისმინეთ", - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.

დღის ამბები